Friday, May 24, 2019

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა





პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
„მასწავლებლის როლი  მოსწავლეთა წიგნიერების ამაღლებაში“

 





სარჩევი

შესავალი ------------------------------------------------------------3
თემის აქტუალურობა ---------------------------------------------3
პრობლემის ანალიზი ---------------------------------------------5 
კვლევის მიზანი ----------------------------------------------------5
ლიტერატურის მიმოხილვა --------------------------------------6
ძირითადი საკვლევი კითხვა და ქვეკითხვები ----------------9
კვლევის მეთოდები ----------------------------------------------10
მონაცემთა ანალიზი ---------------------------------------------11
ძირითადი მიგნებები --------------------------------------------16
ინტერვენციები ---------------------------------------------------18
ინტერვენციების შედეგების შეფასება --------------------------19 
დასკვნა--------------------------------------------------------------21
ბიბლიოგრაფია ----------------------------------------------------22
რეფლექსია ---------------------------------------------------------23
დანართი ------------------------------------------------------------25





შესავალი

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ნინო ბარბაქაძის მიერ განხორციელებულ საკუთარი პედაგოგიური კვლევის ანგარიშს.
კვლევა განხორციელდა ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის X კლასში, რომელშიც 18 მოსწავლე ირიცხება, თავდაპირველად გათვალისწინებული მქონდა, დაგეგმილი კვლევის საშუალებით განმესაზღვრა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის (ამ შემთხვევაში პირადად ჩემი) როლი მოსწავლეთა წიგნიერების ამაღლების საქმეში. X კლასს, რომელშიც კვლევას ვატარებ, მიმდინარე სასწავლო წლამდე არ ვასწავლიდი, ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რა შედეგს მივიღებდი წლის ბოლოს, როცა შევაფასებდი ინტერვენციების შედეგებს. კვლევამ დამარწმუნა, რომ წიგნიერების დონის ამაღლებას მხოლოდ სიტყვიერების მასწავლებელი ვერ შეძლებს, თუ ამას დაწყებითი კლასებიდანვე არ ჩაეყარა მტკიცე საფუძველი და საბაზო საფეხურზედაც თითოეული საგნის პედაგოგი დიდი პასუხისმგებლობით არ მოეკიდა მოსწავლეებში სააზროვნო უნარების განვითარებას. რა თქმა უნდა, დიდია ოჯახის როლი, მაგრამ, როცა „მოუცლელ“ ან შედარებით დაბალი განათლების მშობელთან გვაქვს საქმე, სკოლა ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას.
ამდენად, წინამდებარე ნაშრომში შევეცადე, დამედგინა მოსწავლეთა დაბალი წიგნიერების მიზეზები და შემემუშავებინა სათანადო რეკომენდაციები მდგომარეობის გამოსწორების მიზნით.
მუშაობის პროცესში დიდი დახმარება გამიწია სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა, დირექციამ, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ.

თემის აქტუალურობა

წიგნიერების დაბალი დონე თანამედროვეობის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა. მკვეთრად იკლო ლიტერატურის მოყვარულთა რიცხვმა, რასაც უამრავი სხვა პრობლემა მოჰყვა. წიგნიერების დაბალი დონე, შეიძლება ითქვას, არა მარტო სიტყვიერების მასწავლებლებისათვის არის დიდი დილემა, არამედ ყველასთვის, ვისთვისაც ძვირფასია განათლებული თაობა და, შესაბამისად, ქვეყნის მომავალი. ჩემთვის წიგნიერების დაბალ დონესთან ასოცირდება თითქმის ყველა პრობლემა, რასაც მუშაობაში ვაწყდები.
წიგნიერება იმიტომაც არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი მოსწავლეთა წარმატებისთვის, რომ მისი დაბალი დონე აისახება სხვა საგნებში მიღწეულ შედეგებზე. „თუ მოსწავლეს არ შეუძლია არამხატვრული ტექსტების გაგება და ინფორმაციის დამუშავება, მაგალითად, მათემატიკური ამოცანის პირობისა, ის ვერც ამოცანას ამოხსნის. მეორე მხრივ, თუ მოსწავლეს არ აქვს განვითარებული ლოგიკური აზროვნება, მხატვრულ ტექსტთან მუშაობისას მას გაუჭირდება ინფორმაციის დაჯგუფება და ტექსტში ლოგიკური კავშირების დადგენა. მაგალითად კითხვაზე სწორი პასუხების გაცემა’’   (ნ. ელბაქიძე „ჩვენ და ჩვენი წიგნიერება’’. mastsavlebeli.ge )
მრავალი სხვა უნარის განვითარებასთან ერთად სკოლას მოეთხოვება მოსწავლეებს განუვითაროს გაგება-გააზრების, აზროვნების, წერის კულტურის უნარები. ჩემთვის, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეთა წიგნიერების მაღალი დონე. ჩვენი სკოლა არაერთ კონკურსში იღებს მონაწილეობას და წარმატებითაც. თუმცა, რაც შეეხება ეროვნულ ოლიმპიადებს, ბოლო წლებში საკმაოდ დაბალი შედეგები გვაქვს, არ გვყავს II ტურში გამარჯვებული მოსწავლეები არც ერთ საგანში. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დამაფიქრებელია, რადგან 21-ე საუკუნე, სწრაფად ცვალებადი ეპოქა, განუხრელად ითხოვს კონცეპტუალურ აზროვნებას.
სარგებელი, რაც შეიძლება მოსწავლეებმა მიიღონ ჩემ მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, იქნება ის, რომ ისინი უფრო მეტად დაინტერესდებიან ლიტერატურით, განუვითარდებათ სააზროვნო უნარები,  გაუუმჯობესდებათ შედეგები სხვადასხვა სასწავლო დისციპლინაში. სკოლის პედაგოგები გაიზიარებენ ჩემს მოსაზრებებს და გაითვალისწინებენ რეკომენდაციებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ წარმატებულ მუშაობაში. ჩემთვის კი ეს კვლევა იქნება იმის საფუძველი, რომ უფრო თვითკრიტიკული ვიყო და მუდმივად ვეძებო გზები მოსწავლეთა წიგნიერების ამაღლებისთვის.


პრობლემის ანალიზი

ჩემი დაკვირვებით ვლინდება, რომ წიგნიერების დაბალი დონის გამო მოსწავლეებს უჭირთ ერთმანეთისგან განასხვაონ ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაცია. არ შეუძლიათ მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება, პერსონაჟების დაჯგუფება დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით, ისტორიულ კონტექსთან და თანამედროვეობასთან  დაკავშირება. მნიშვნელოვანი პრობლემაა აგრეთვე მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გამოყოფა. ყველაზე სავალალოა ის, რომ მოსწავლეების მნიშვნელოვან ნაწილს არ შეუძლია ერთმანეთისგან გამიჯნოს მხატვრული ტექსტის შინაარსი და ანალიზი. მაგალითად, როცა ვაძლევ დავალებას, ისაუბრონ „ავთანდილის ანდერძის“ სიბრძნეზე, ან დაახასიათონ ავთანდილი „ანდერძის“ მიხედვით, ვიღებ „ანდერძის“ პერიფრაზს ყოველგვარი კომენტარის გარეშე. რა თქმა უნდა, პრობლემა ძალიან სერიოზულია და მისი აღმოფხვრა სირთულეებთან არის დაკავშირებული.
ცალკე უნდა ითქვას ლექსიკის სიმწირეზე, რაც წიგნიერების დაბალი დონის ერთ-ერთი უპირველესი გამოვლინებაა. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ იჩენს თავს სასწავლო და საკლასო დისკუსიების დროს, როცა მოსწავლეები არგუმენტირებულად ვერ ასაბუთებენ თავიანთ მოსაზრებებს. საპრეზენტაციო უნარის დაბალი დონე, გამოწვეული დაბალი წიგნიერებით, არა მარტო მოსწავლის მაჩვენებელზე მოქმედებს (მაღალ შეფასებას ვერ მიიღებენ), არამედ თრგუნავს მათ, იწვევს დაბალ თვითშეფასებას და იქმნება სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემაც, დაბლდება მოტივაცია. დაბალი მოტივაცია კი, როგორც ცნობილია,  უამრავ წარუმატებლობას განაპირობებს. 
  

 კვლევის მიზანი

       ჩემი კვლევის მიზანია წიგნიერების დაბალი დონის მიზეზების დადგენა, მისი ანალიზი და გამოსწორების გზების დასახვა.
მნიშვნელოვანია, კვლევის ფარგლებში გაანალიზდეს, კონკრეტულად რა როლი აქვს მასწავლებელს მოსწავლეთა წიგნიერების ამაღლების საკითხში, როგორ ახერხებს იგი, არა მარტო დააინტერესოს კითხვით, არამედ განუვითაროს მას სააზროვნო უნარები.
კვლევამ უნდა დაადგინოს არა მხოლოდ მიზეზი, არამედ დასახოს ინტერვენციები
მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და შეფასდეს გამოყენებული ინტერვენციების შედეგები.  გავიგოთ, რატომ უჭირთ მოსწავლეებს ამა თუ იმ საკითხოს სწორად გაგება, როგორ ახერხებს მასწავლებელი აღქმის გამარტივებას, იყენებს თუ არა კონსტრუქციულ მეთოდს და ა. შ.
კვლევის შედეგად გამოტანილი დასკვნები უნდა გახდეს ორიენტირი სკოლაში წიგნიერების დონის ამაღლებისა, რაშიც ყველა მასწავლებელი აქტიურად უნდა ჩაებას, რადგან წიგნიერება პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციაა. იგი არის „ცვალებად კონტექსტში გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემის მოგვარების უნარი იმ ცოდნის საფუძველზე, რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იძენს’’ (ესგ. თავი VIII)

ლიტერატურის მიმოხილვა

ჩემი თემის გარშემო მოვიძიე ლიტერატურა, გავეცანი განათლების მარეგულირებელ დოკუმენტებს: „ზგემ’’, „საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახენ’’, „ესგ’’.
კვლევის დაწყებამდე გავეცანი ლუის კოჰენის ნაშრომს „კვლევის მეთოდები განათლებაში“.
მონაცემების შეგროვებისას განუხრელად ვხელმძღვანელობდი ნაშრომის მითითებებით. ჩემთვის განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდა მონაკვეთი „სენსიტიური კითხვების დასმა,“ (გვ. 767). ასევე ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი იყო ქვეთავები: „ინტერვიუ“, „ინტერვიუს კონცეფციები“ (გვ. 802-804). ზოგადად, ნაშრომმა კვლევის პროცესში ჩემთვის გზამკვლევის როლი შეასრულა.
კვლევის პროცესში უდიდესი დახმარება გამიწია დავით ლიპარტელიანის ნაშრომმა „სამოქმედო კვლევის სახელმძღვანელო“ (წიგნი I და II). სახელმძღვანელოში დეტალურად არის აღწერილი კვლევის განხორციელების ეტაპები და თითოეულ ეტაპზე გასათვალისწინებელი მნიშვნელოვანი საკითხები. განხილულია საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში განხორციელებული კვლევები, შემუშავებულია ის რეკომენდაციები, რომლებიც გვეხმარება კვლევის განხორციელების დროს წარმოშობილი წინააღმდეგობების გადალახვაში. ნაშრომი გვთავაზობს იმ მაგალითებს, რომლებიც შეესაბამება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ გამოწვევებს და მორგებულია ქართულ რეალობას.
გავეცანი გამოცდების ეროვნული ცენტრის ანგარიშს PIRLS-ის კვლევების თაობაზე (2013) ანგარიშში აღნიშნულია, რომ წიგნიერების საერთაშორისო კვლევის მიზანია, შეამოწმოს მოზარდთა წაკითხულის გააზრების უნარი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ის ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება, რაც მონაწილე ქვეყნებს პროგრესის შეფასების საშუალებას აძლევს. კვლევის ამგვარი პერიოდულობა საფუძველს გვიქმნის, დინამიკაში შევაფასოთ საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები (კონკრეტული ქვეყნის განათლების სისტემაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებები, ცვლილებები ეროვნულ სასწავლო გეგმაში და განათლების რეფორმების სხვა ასპექტები).
ბევრმა ქვეყანამ სწორედ საერთაშორისო კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე შეცვალა სასწავლო სტრატეგიები  თავის საგანმანათლებლო სისტემაში და სწავლისა და სწავლების პროცესის სრულყოფის  თვალსაზრისით სერიოზულ წარმატებებსაც მიაღწია (გვ.6)
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წიგნიერების საერთაშორისო კვლევა საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, „თუ როგორ ზრუნავენ მოსწავლეთა წიგნიერებაზე სხვადასხვა ქვეყანაში, როგორ კითხულობენ ქართველი ბავშვების თანატოლები მსოფლიოს იმ ქვეყნებში, რომლებიც PIRLS-ის კვლევაში არიან ჩართული, როგორია მათი დამოკიდებულება კითხვისადმი, როგორია კითხვის სწავლების პრაქტიკა ამ ქვეყნებში. როგორ არის ორგანიზებული სასწავლო გეგმა და კითხვის სწავლისა და სწავლების პროცესი. როგორ ხდება წაკითხულის უნარის შეფასება, როგორია მოსწავლეთა წიგნიერების ხელშემწყობი სასკოლო რესურსები, როგორია კითხვის მასწავლებელთა მომზადების პრაქტიკა, როგორ აისახება მოსწავლეთა წიგნიერებაზე ოჯახის საგანმანათლებლო რესურსი, კლასში მოსწავლეთა რაოდენობა, სწავლების მეთოდები და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები“. (გვ. 8)
ანგარიშში სავსებით სწორად არის შენიშნული, რომ კვლევაში ჩართული ყველა ქვეყნისთვის კვლევის  შედეგები უდიდეს ინტერესს წარმოადგენს, ხოლო შედეგების ანალიზი ქვეყნის საგანმანათლებლო პოლიტიკის ანალიზისა და პრობლემების დაძლევის ადეკვატური სტრატეგიების შემუშავების საუკეთესო საშუალებაა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ანგარიშში ვრცლად არის განხილული, თუ რატომ არის ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოსწავლეთა წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში მონაწილეობა.
„წიგნიერება სწავლის საფუძველია. ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელსაც ბავშვები სკოლაში სწავლისას იძენენ, კითხვის უნარია. სწორედ ამიტომაც სასკოლო განათლების ერთერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი მოსწავლეთა წიგნიერების განვითარების ხელშეწყობაა. წიგნიერების საერთაშორისო კვლევა საშუალებას გვაძლევს, სწავლების საწყის საფეხურზე შევაფასოთ მოსწავლეთა კითხვის უნარი და ის კონტექსტი, რომელშიც მიმდინარეობს ამ უნარის განვითარება (ოჯახი, სასკოლო რესურსები, სწავლების მეთოდოლოგია და ა.შ.), გარდავქმნათ და გავაუმჯობესოთ კითხვის სწავლების პროცესი, რითაც ხელს შევუწყობთ, ერთი მხრივ, სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას საშუალო განათლების მომდევნო საფეხურებზე და, მეორე მხრივ, დავეხმარებით მოზარდს სოციალიზაციასა და პიროვნულ განვითარებაში“ (გვ. 10)
სრულიად ვეთანხმები გამოცდების ეროვნული ცენტრის ერთგვარ რეზიუმეს, რომ საერთაშორისო შეფასების შედეგების ანალიზი მკაფიოდ ავლენს. თუ რა არის შესაცვლელი თუ დასახვეწი სწავლების პროცესში და, ზოგადად, ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში.
ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ანგარიშის ის მონაკვეთი, სადაც წიგნიერების მნიშვნელობა განხილულია იმ კუთხით, რომ  არსებობს მკაფიო კავშირი კითხვის პრობლემებსა და მოზარდის ანტისოციალურ ქცევებს შორის. „კვლევების მიხედვით ბავშვების კითხვასთან დაკავშირებული პრობლემები კავშირშია აგრესიულ ანტისოციალურ და დანაშაულებრივ ქცევასთან. თუმცაღა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვებს. რომლებიც დევიანტური ქცევით ხასიათდებიან, აუცილებლად სუსტად განვითარებული კითხვის უნარი აქვთ. კვლევები უფრო მეტად იმაზე მიუთითებს, რომ შესაბამისი ასაკისთვის განსაზღვრული კითხვის უნარების ნაკლებობა მნიშვნელოვნად უკავშირდება აგრესიული, ანტისოციალური ქცევის განვითარებას“
(გვ.11)
გამოცდების ეროვნული ცენტრი თავის ანგარიშში აღნიშნავს, რომ კითხვასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს აკადემიური წარუმატებლობა, ხელი შეუშალოს სკოლისა და სწავლისადმი პოზიტიურ დამოკიდებულების  ჩამოყალიბებას და ხელი შეუწყოს „ნეგატიური ქცევების“ განხორციელებას (ხელისშემშლელი ქცევა კლასში, სკოლის გაცდენა და სხვა). მოსწავლის დაბალ აკადემიურ მიღწევაში თავისი წვლილი შეაქვს ანტისოციალურ ქცევას, მშობლების მხარდაჭერის ნაკლებობას, ადრეულ ასაკში კოგნიტური სტიმულაციის არარსებობას და ბავშვებზე ძალადობას. „მეცნიერები მიიჩნევენ, რომ კითხვა მოსწავლეთათვის ერთგვარ მცველს წარმოადგენს, რომელიც მათ ძალადობრივი ქცევებისათვის თავის არიდების საშუალებას აძლევს“ (გვ.11).
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საერთაშორისო კვლევის შედეგების ეფექტურად გამოყენება ხელს შეუწყობს მოზარდთა სრულფასოვან პიროვნებებად ჩამოყალიბებას, რაშიც გადამწყვეტი როლი კითხვისა და კითხვისადმი ინტერესს, ზოგადად, წიგნიერებას ენიჭება.
სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით გამოცდების ეროვნული ცენტრი აღნიშნავს, რომ წიგნიერების ცნება მოიაზრებს მკითხველის დადებით დამოკიდებულებას, კეთილგანწყობას კითხვის მიმართ. მკითხველი სხვადასხვა სახის ტექსტიდან იძენს ცოდნას სამყაროსა და საკუთარი თავის შესახებ და განიცდის ინტელექტუალურ სიამოვნებას. წაკითხულის გააზრება მკითხველს ტექსტთან ინტერაქციისა და უკვე არსებული გამოცდილების კონტექსტში უწევს. კითხვის დაწყებამდე, კითხვის პროცესში და შემდგომ მკითხველი მრავალ ლინგვისტურ უნარს, კოგნიტურ და მეტაკოგნიტურ სტრატეგიებსა და გამოცდილებაში არსებულ ცოდნას იყენებს.
დიდი ინტერესით მოვისმინე ბატონი პაატა პაპავას გამოსვლა -„რამდენად წიგნიერები არიან თანამედროვე ქართველი ბავშვები“. ასევე ძალიან საინტერესო იყო ჟურნალისტ ია ანთაძის წერილობითი შეკითხვები და პასუხები ამ შეკითხვებზე. მოვიყვან ნაწყვეტებს ბატონი პაატას პასუხებიდან:
„მასწავლებელი არათუ მნიშვნელოვანი, არამედ გადამწყვეტიცაა. სწორედ მას აქვს მინიჭებული ის განსაკუთრებული როლი, რასაც მოსწავლეების წიგნიერების სამყაროში შებიჯება და მოგზაურობა ჰქვია“.
მასწავლებელი „მუდამ სვამს ტექსტთან დაკავშირებულ შეკითხვებს კითხვის დაწყებამდე (ვარაუდები, მიზანი, მოლოდინები), კითხვის პროცესში (კავშირები და პარალელები, მოტივები, მოქმედებები) და წაკითხვის შემდეგ (შეჯამება, რეფლექსია, ინტერპრეტირება)“
„ჩვენ ვსაუბრობთ წიგნიერებაზე, როგორც საზოგადოებრივ ფენომენზე, როგორც თითოეული მოქალაქის (ბავშვის თუ ზრდასრულის) უფლებაზე. მათ შორის მათზეც, ვისაც ოჯახიდან და უახლოესი სოციუმიდან განათლებაზე ორიენტირებული სტიმულები ნაკლებად მოჰყვება“.
„ოჯახის როლი მართლაც განუზომელია, რაც, პირველ რიგში, კითხვის მოტივაციას, კითხვისადმი დამოკიდებულებას ეხება. როცა კითხვა ბავშვის მიერ პოზიტიურ, სასარგებლო მოვლენად აღიქმება, ბევრი  პრობლემა დროულად და ადვილად იჭრება“
კვლევის პროცესში ძალიან დამეხმარა ინტერნეტმასალა, ინტერნეტგაზეთში „mastsavlebeli.ge“ - გამოქვეყნებული სტატიები.
სატრენინგო მასალებთან ერთად ყურადღებით გავეცანი თ. კობახიძის. გ. ნოზაძის. მ. ინასარიძისა და მ. ბოჭორიშვილის ნაშრომს „შეფასება: მოსწავლე, გაკვეთილი და შიდა სასკოლო“, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი დასაყრდენი იყო ჩემთვის.

ძირითადი საკვლევი კითხვა და ქვეკითხვები

კვლევის დაწყებამდე განვსაზღვრე, თუ რა იქნებოდა ჩემი კვლევის მთავარი
ორიენტირი, რის მიხედვითაც შევიმუშავე მთავარი საკვლევი კითხვა:
რა როლი აქვს მასწავლევბელს მოსწავლეთა წიგნიერების ამაღლების სამეში?

  მთავარ კითხვაში დასმული პრობლემის დაძლევის მიზნით შევიმუშავე შემდეგი ქვეკითხვები:
1)      ვისი პასუხისმგებლობაა ბავშვის წიგნიერება - სკოლის თუ ოჯახის?
2)      არის თუ არა მასწავლებელსა და მშობელს შორის თანამშრომლობის ნაკლებობა?
3)      სთავაზობს თუ არა  მასწავლებელი მოსწავლეს ლიტერატურას ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით?
4)      რამდენად უკავშირდება სხვადასხვა საგნის სწავლება მოსწავლეთა წიგნიერების ამაღლებას? 5) ორიენტირებულია თუ არა მასწავლებლის მიერ მიცემული დავალება წიგნიერების უნარის განვითარებაზე?
6)      აქვს თუ არა მასწავლებელს ურიერთობა სკოლის ბიბლიოთეკასთან მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით?
7)      არის თუ არა სასკოლო სახელმძღვანელოები ორიენტირებული წიგნიერების დონის ამაღლებაზე?
8)      სწორად არის თუ არა განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისთვის წიგნისა და კომპიუტერის საჭიროებები.




კვლევის მეთოდები

კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით მონაცემთა შეგროვების მეთოდებად გამოვიყენე
დაკვირვება, ანკეტირება, ფოკუს-ჯგუფი, ინტერვიუირება.
კვლევა მიმდინარე სასწავლო წლის II სემესტრში განვახორციელე - იანვრიდან მაისის ჩათვლით. თავდაპირველად კიდევ ერთხელ დეტალურად გავაანალიზე I სემესტრში ჩატარებული შემაჯამებელი სამუშაოები. რეგულარულად ვაწარმოებდი მონიტორინგს, რათა სწორად შემეფასებინა მოსწავლეთა ძლიერი და სუსტი მხარეები. შემდგომი მუშაობის დაგეგმვისა და ეფექტურად წარმართვისთვის.  შევადგინე ცხრილები, რომლებშიც ავსახავდი დაკვირვების შედეგად მიღებულ ინფორმაციებს, ვიღებდი შესაბამის გადაწყვეტილებას და შევიმუშავებდი შემდგომ რეკომენდაციებს (იხ. დანართი 2). ამ ცხრილების შესადგენად გამოვიყენე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული მასალა „მოსწავლეთა შეფასება ქართულ ენასა და ლიტერატურაში“. ). ასევე შევიმუშავე მოსწავლეთა სააზროვნო უნარ-ჩვევებზე დაკვირვების ცხრილი (იხ. დანართი1)   ჩავატარე გამოკითხვა: იციან თუ არა რას ნიშნავს წიგნიერება.
მცირე მოცულობის აბზაცებად დაყოფილ ტექსტში მარკირების საშუალებით მოვაძებნინე კონცეპტუალური წინადადებები; მხატვრულ ტექსტში გამოვაყოფინე მთავარი სათქმელი;
მოსწავლეთა ფოკუს-ჯგუფებთან ჩავატარე გამოკითხვა, თუ რა სახის შემაჯამებელი სამუშაოები უტარდებათ სხვადასხვა საგანში.
დავავალე მხატვრულ ტექსტებში მთავარი და არამთავარი პერსონაჟების გამოყოფა T დიაგრამის გამოყენებით; პერსონაჟთა ურთიერთშედარების მიზნით გამოვიყენე ვენის დიაგრამა (იხ. დანართი 5, დანართი 6).
მშობლებთან ჩავატარე ანკეტირება, რომლის მიზანი იყო, დამედგინა, თუ რა როლი აქვს მშობელს ბავშვის წიგნიერების ამაღლების საქმეში. ასევე მსურდა გამეგო, რამდენად გრძნობენ ისინი პასუხისმგებლობას თავიანთი შვილების წინაშე.
ჩავატარე ინტერვიუ პედაგოგებთან, რომლის მიზანი იყო, მიმეღო პასუხი კვლევის
რამდენიმე ქვეკითხვაზე (იხ. დანართი 4).
ჩავატარე ჩაღრმავებული ინტერვიუ დირქტორთან კვლევის მთავარ კითხვასთან დაკავშირებით.
სამიზნე ჯგუფთან ჩავატარე დისკუსია: „წიგნი თუ კომპიუტერი“


   მონაცემთა ანალიზი

მოსწავლეთა სააზროვნო უნარ-ჩვევებზე დაკვირვებამ მიჩვენა, რომ სამიზნე ჯგუფის 50%-ს უარყოფითი შედეგი აქვს მაღალ სააზროვნო უნარებზე (ანალიზი, სინთეზი, შეფასება) გათვლილ კითხვებზე, ხოლო 10%-ს უჭირს დაბალ სააზროვნო უნარებზე ორიენტირება. მაგალითად ნასწავლი მასალის მნიშვნელობის გაანალიზება და იტერპრეტაცია, ათვისებული მასალის  გამოყენება უცნობ სიტუაციებში.
მოსწავლეებთან ჩატარებული გამოკითხვისას დადგინდა, რომ შემაჯამებელი სამუშაოები სხვადასხვა საგანში ძირითად ტესტირებით ტარდება. ძირითადი ფორმა კი არის ტესტური დავალება მრავალი არჩევითი პასუხით, საიდანაც მოსწავლემ უნდა ამოარჩიოს ერთი სწორი პასუხი.
მარკირების,  T დიაგრამისა და ვენის დიაგრამის მეთოდმა მიჩვენა, რომ სამიზნე ჯგუფის 35%-ს უჭირს ფაქტობრივი და კონცეპტუალური, მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციების განსხვავება.
მოსწავლეთა უმრავლესობისთვის უცნობია წიგნიერების თანამედროვე გაგება (ესგ. VIII) მათთვის წიგნიერება ასოცირდება მხოლოდ მხატვრული ლიტერატურის კითხვასთან.
სკოლისა და საბავშვო ბიბლიოთეკების თანამშრომლებთან საუბრით დავასკვენი, რომ მოსწავლეები ბიბლიოთეკებს ძირითადად აკითხავენ მასწავლებლის დავალების შესასრულებლად და არა საკუთარი ენთუზიაზმით.
პედაგოგებთან ჩატარებულმა ინტერვიუმ მიჩვენა, რომ მასწავლებელი ყოველთვის ცდილობს, მის მიერ მიცემული დავალებები ორიენტირებული იყოს წიგნიერების უნარის განვითარებაზე, თუმცა მოსწავლეთა შედეგები ამას ყოველთვის არ ადასტურებს. პედაგოგთა აზრით, ბევრი რამ არის დასახვეწი სასკოლო სახელმძღვანელოებში, მით უმეტეს, სხვადასხვა საგნის სწავლება ორგანულად უკავშირდება წიგნიერების დონის ამაღლებას.
პედაგოგების პასუხი კითხვაზე, თუ ვისი პასუხისმგებლობაა ბავშვის წიგნიერება, სხვადასხვაგვარია:  უმრავლეს შემთხვევაში პედაგოგებს მიაჩნიათ, რომ პასუხისმგებლობა თანაბრად ნაწილდება, მაგრამ სკოლამ მაინც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს იმ ოჯახების  შვილებს, რომელთა კომპეტენციაც წიგნიერების საკითხში საკმაოდ დაბალია.
პედაგოგთა მნიშვნელოვან ნაწილს არ აკმაყოფილებს მასწავლებელსა და მშობელს შორის თანამშრომლობის დონე, პედაგოგები პასუხისმგებლობას იღებენ მოსწავლეებისათვის ლიტერატურის შეთავაზებისას ასაკობრივი და ინდივიდუალური თვისებების გათვალისწინებაზე. 
 ჩატარებულმა დისკუსიამ „წიგნი თუ კომპიუტერი“ გამოკვეთა წიგნისადმიინტერესის დაქვეითება მოსწავლეთა 70%-ში.
დირექტორთან საკვლევ საკითხზე ინტერვიუს დროს კიდევ ერთხელ გამოიკვეთა მისი დამოკიდებულება თემის მიმართ. კერძოდ, მას მიაჩნია, რომ საკვლევი საკითხი რეალური პრობლემაა და ფიქრობს, რომ საკვლევი კლასის მოსწავლეების ერთ ნაწილს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება ყველა საგნის მასწავლებლების მხრიდან, რათა ამაღლდეს წიგნიერების დონე.
დირექტორს ასევე მიაჩნია, რომ კვლევის სამიზნე ჯგუფი მომავალში უნდაგაფართოვდეს და მოიცვას თითქმის ყველა კლასი.
დირექტორთან საუბრისას გამოიკვეთა, რომ სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების ამაღლების მიზნით ხელს შეუწყობს სხვადასხვა სახის ღონისძიებების მომზადება-ჩატარებას. (შეხვედრები მწერლებთან, ინტელექტუალური შეჯიბრებები, დისკუსიები და სხვა)



მშობლებთან ჩატარებული ანკეტირების შედეგები ასე გამოიყურება:
1.

2.

 2. 
3.

4.

5.

6.

7.



8. კითხვაზე, თუ ვინ არის ოჯახში ყველაზე აქტიური მკითხველი 35% ბავშვებზე მოდის, 35% ზრდასრულებზე. პასუხების 30% კი გაურკვეველია.

ძირითადი მიგნებები

მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის შედეგად დამიკონკრეტდა რამდენიმე მიგნება: 
მასწავლებლები ნაკლებად ვიყენებთ კოგნიტურ სქემებს და მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე დამყარებულ დავალებებს. ძირითადად ვკმაყოფილდებით დახურული ტესტებით, რომლებიც ფაქტობრივ ცოდნაზეა გათვლილი. ხშირ შემთხვევაში ამ ტიპის დავალება არ აფასებს ყველა დონის კოგნიტურ უნარებს - ცოდნიდან დაწყებულს და შეფასებით დამთავრებულს. გათვლილია მხოლოდ ბლუმის ტაქსონომიის ქვედა დონეებზე. გასათვალისწინებელია, რომ არჩევითპასუხებიანი დავალებების შედგენას დიდი დრო სჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვინდა მაღალი დონის უნარების შეფასება.
რთულია პასუხების ფორმულირება. ამიტომ მასწავლებლები ზოგჯერ მარტივ გზას  ვირჩევთ. მოსწავლეები წიგნიდან მიღებულ ინფორმაციას სხვა გზით მოპოვებულ ცოდნას ამჯობინებენ, რაც უფრო ხელმისაწვდომად ეჩვენებათ. მოსწავლეთა უმრავლესობა, მასალის სირთულის მიუხედავად, ძირითადად სწავლის პრიმიტიულ სტრატეგიებს მიმართავს. მაგალითად,  გაკვეთილის სწავლის დროს მასალას მრავალჯერ კითხულობს და იმეორებს. მაგრამ ეს არ არის ახალი მასალის დაუფლების საუკეთესო გზა. ეფექტური სწავლა მასალის აქტიურად გააზრებასა და გადამუშავებას მოითხოვს. აქ კი მთავარი დამაბრკოლებელი წიგნიერების დაბალი დონეა.
მოსწავლეები ძირითად ყურადღებას აქცევენ ფაქტობრივ მასალას; ყურადღება აქვთ გადატანილი ე.წ. „საზეპიროებზე“ და მიიჩნევენ, რომ ტექსტის დასწავლა უმთავრესი პირობაა წარმატებისთვის. უმრავლეს შემთხვევაში, ეს, რა თქმა უნდა, მასწავლებლის მოთხოვნით ხდება. დაკვირვებამ გამოკვეთა ერთი გლობალური მოვლენა: ლექსიკის სიმწირის გამო მოსწავლეებს უჭირთ პრეზენტაცია. სიტყვების მარაგის არქონა ხელს უშლით, მკაფიოდ გამოკვეთონ თავიანთი აზრი. ლექსიკის გამდიდრება კი წიგნთან უშუალო კავშირით არის შესაძლებელი.
დაკვირვებისას გამოიკვეთა ერთი გაუთვალისწინებელი მოვლენაც. დავაფიქსირე რამდენიმე მოსწავლე, რომლებიც არსებითად სწორად აფასებენ ტექსტში დასმულ პრობლემებს. ეს დასკვნა გამომაქვს კითხვა-პასუხის მეთოდის საშუალებით. ვიღებ მოკლე, თუმცა სწორ პასუხებს. როდესაც ვითხოვ არგუმენტირებულ მსჯელობას, მოსწავლე ჩუმდება. თავიდან ეს მივიჩნიე არასაკმარისი ცოდნით გამოწვეულ შეფერხებად, თუმცა დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინე, რომ ზოგიერთ მოსწავლეს აქვს აუდიტორიასთან ურთიერთობის პრობლემა. წერილობით გაცილებით უკეთესად აფიქსირებს თავის აზრს, ვიდრე ზეპირად. ეს ჩემი კვლევის სფერო ამჟამად არ არის, თუმცა ინტერვენციებში ეს ფაქტორიც გავითვალისწინე.
ბევრი რამ არის გასაკეთებელი მშობელთა ინფორმირებისთვის. ბევრმა მათგანმა არ იცის, რას ნიშნავს წიგნიერება და რა უნარებს უნდა ფლობდეს მისი შვილი, რომ წარმატებას მიაღწიოს. გამოიკვეთა ეკონომიკური ფაქტორიც, როდესაც მშობლებს ფინანსურად უჭირთ, შესაბამისად, უფრო დაბალია მათი შვილების წიგნიერების დონე.
წიგნიერების       ხელშეწყობის           ერთ-ერთი    მთავარი        კომპონენტია            ბიბლიოთეკების ფაქტორი. სასკოლო ბიბლიოთეკა ნაკლებად უწყობს ხელს მოსწავლეთა წიგნიერების ამაღლებას და ძირითადად ორიენტირებულია სახელმძღვანელოების ბრუნვაზე.
ჩემი დაკვირვებით, მასწავლებლები ყოველთვის ზედმიწევნით, სათანადოდ არ განვმარტავთ ტერმინებს, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს წიგნიერებაზე. ზოგჯერ ჩვენ მიერ მომზადებული რესურსები არარსებითია, მოჩვენებითად ამშვენებს გაკვეთილს და ნაკლებად წარმოაჩენს შინაარსობრივ კავშირებს.


ინტერვენციები

ფოკუს-ჯგუფების, ინტერვიუების, ანკეტირების შედეგად გამოკვეთილი ტენდენციების, ჩატარებული მუშაობის შედეგად მიღებული ძირითადი მიგნებების შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება ინტერვენციების დაგეგმვის შესახებ. მნიშვნელოვანი იყო იმის გათვალისწინება, რომ დაგეგმილი ინტერვენციები ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში ყოფილიყო. პირველ რიგში, ორიენტაცია ავიღე ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტის იმ პუნქტებზე, რომლებიც უფრო მკვეთრად უკავშირდება ჩემს
საკვლევ თემას (ქართ. X.1; ქართ. X.7; ქართ. X.8; ქართ. X.9; ქართ. X.10) ინტერვენცია 1. მარკირების მეთოდით ტექსტის გაგების შემოწმება. მიზანი: კვლევის განმავლობაში ჩატარებული მუშაობის შედეგების შეფასება.
პროცესის აღწერა: მოსწავლეებს დავავალე მხატვრულ ტექსტში მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის მოძიება. ეს აქტივობა შევადარე მონაცემთა შეგროვების პროცესში ჩატარებულ სამუშაოს. ინტერვენცია 2.
შემოქმედ მოსწავლეთა წრის - „ჩვენი მომავალი მეცნიერები, მწერლები, პოეტები“ - არეალის გაფართოება. მიზანი: წრის არაწევრ მოსწავლეთა აქტიური ჩაბმა წრის მუშაობაში.
აღწერა: შემოქმედ მოსწავლეთა წრის პრეზენტაციები იმართება ორ კვირაში ერთხელ, პარასკეობით. გაჩნდა ინიციატივა, ამ წრის „შვილობილი“ წრის შექმნისა, სადაც მოსწავლეები იმსჯელებენ წაკითხულ ნაწარმოებზე, რომელზედაც წინასწარ შეთანხმდებიან.
ვინაიდან კვლევის პერიოდი სამიზნე ჯგუფში დაემთხვა „ვეფხისტყაოსნის“ შესწავლას, მოეწყო გაფართოებული დისკუსიები: „ლეკვი ლომისა სწორია“ თუ „სჯობს სიშორე დიაცისა“; „ფატმანი - სიძვის დიაცი თუ გულანშაროელი ასმათი.“ „მკვლელობის ეპიზოდები „ვეფხისტყაოსანში.“ „არსებობენ თუ არა თანამედროვე ასმათები“ და სხვა.
ინტერვენცია 3.
საჩვენებელი გაკვეთილი „ჩემი ვეფხისტყაოსანი““
მიზანი: ნაწარმოების პრობლემური საკითხების ანალიზის საფუძველზე კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარება.
აღწერა: მოსწავლეებმა გამოხატეს დამოკიდებულება ნაწარმოების მიმართ, დაასაბუთეს თავიანთი მოსაზრებები სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე, გამართეს მინიდისკუსიები ამა თუ იმ პერსონაჟის შესახებ. ინტერვენცია 4. ნაწარმოების განხილვა, დისკუსია (იხ. დანართი 8). მიზანი: წაკითხული ნაწარმოების შესახებ საკუთარი აზრის ჩამოყალიბება.
აღწერა:    წასაკითხავად          შერჩეულ       იქნა    ნოდარ           დუმბაძის      მოთხრობა       „HELLADOS“. მოსწავლეებმა წარმოადგინეს და დაიცვეს თავიანთი თვალსაზრისები.

ინტერვენცია 5. მწერალთან შეხვედრა. მიზანი: კითხვისა და განსჯის მიმართ ინტერესის გაძლიერება.
აღწერა: მოეწყო შეხვედრა მწერალ ავთანდილ ყურაშვილთან. საინტერესო იყო მწერლის მოსაზრებები წიგნიერებასთან დაკავშირებით. მან ამომწურავად უპასუხა შეკითხვებს, ისაუბრა განათლებული, განვითარებული თაობის როლზე ქვეყნის აღმშენებლობაში. შეადარა ქართული და დასავლური რეალობა. ინტერვენცია 6. შეხვედრა სამიზნე ჯგუფთან.
მიზანი: ჩატარებული მუშაობის შეჯამება
აღწერა: განხილულ იქნა მოსწავლეთა ესეები - „წიგნიერება ღირსების უპირველესი საზომია.“ გაიმართა დისკუსია.

შედეგების შეფასება

განხორციელებული ინტერვენციების შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე სასიკეთო ტენდენცია:
1)      სამიზნე ჯგუფის ყველაზე დაბალ დონეში მოხვედრილმა მოსწავლემაც კი დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ წიგნთან უნდა მივიდეს, კარგ მკითხველად უნდა იქცეს და მისი სული არ დარჩეს მშიერი მაშინ, როდესაც გვაქვს ლიტერატურა „უთვალავი ფერით“ -ეროვნული თუ უცხოური, უძველესი თუ თანამედროვე. ჩატარებული მუშაობის შედეგად მდგომარეობა მეტ-ნაკლებად უკეთესად გამოიყურება, თუმცა, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ორ მოსწავლესთან ძალიან გამიჭირდა მინიმალური შედეგის მიღება. ეს მოსწავლეები ე.წ. „მოუცლელი“ და დაბალი პასუხისმგებლობის მქონე მშობლების შვილები არიან, როცა წიგნიერების დონის ამაღლება მხოლოდ და მხოლოდ მასწავლებლის ოსტატობაზე, ენერგიაზე, ნებისყოფაზეა დამოკიდებული.
2)      მარკირების მეთოდით ტექსტის გაგების შემოწმებამ უკეთესი შედეგი აჩვენა, თუმცა მოსწავლეთა მნიშვნელოვან ნაწილს კვლავ უჭირს ტექსტში მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციების გამიჯვნა ერთმანეთისგან.
3)      გაცილებით უკეთესი შედეგი აჩვენა სამიზნე ჯგუფთან ჩატარებულმა დისკუსიებმა. მოსწავლეებს წინასწარ ჰქონდათ დავალებული მხატვრული ნაწარმოების წაკითხვა.  I-მა შეხვედრამ უკვე გამოკვეთა მოსწავლეთა ინტერესი, რომ მათ დაეფიქსირებინათ თავიანთი მოსაზრება და დაეცვათ ის, რადგან მიიჩნიეს, რომ თანატოლების წინაშე უნდა წარმოეჩინათ თავიანთი ნაკითხობა და ტექსტის გაგება-გააზრების უნარი. რა თქმა უნდა, იყო პრიმიტიული შეფასებებიც, მაგრამ თავისთავად მოსწავლეთა მისწრაფება, დაეცვათ თავიანთი თვალსაზრისი, შედეგიანი აღმოჩნდა. გაცილებით მაღალი დონე იყო შემდეგ დისკუსიებზე.
4)      შემოქმედ მოსწავლეთა წრის მიერ მომზადებულ ღონისძიებაზე სამიზნე ჯგუფის მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობა ჩატარებული მუშაობის ყველაზე თვალსაჩინო შედეგი აღმოჩნდა. ის მოსწავლეები, რომლებიც ნაკლებ ინტერესს იჩენდნენ ამა თუ იმ წამოჭრილი პრობლემის მიმართ, გაკვეთილებზე საგრძნობლად გააქტიურდნენ. გაუჩნდათ საკუთარი მოსაზრებების დასაბუთების სურვილი. ერთ მაგალითს მოვიყვან: მოსწავლე, რომელიც წიგნთან საკმაოდ დაშორებული იყო და ინფორმაციებს მხოლოდ კომპიუტერიდან მოიპოვებდა, ისიც იშვიათად, იმდენად გაიტაცა  ტექსტის ანალიზმა, რომ საინტერესო მოსაზრებები წამოაყენა პერსონაჟების შესახებ და არგუმენტირებულად, ტექსტური მასალის მოშველიებით შეეცადა, დაემტკიცებინა, რომ ავთანდილი უფრო დიდი მიჯნურია, ვიდრე ტარიელი. შეიძლება ეს ძალიან სადავო საკითხია, მაგრამ ჩემთვის  ფრიად მნიშვნელოვანი იყო მოსწავლის მიერ მოყვანილი არგუმენტები და, უპირველეს ყოვლისა, მის მიერ ჩატარებული მუშაობა თავისი ჰიპოთეზის დასამტკიცებლად. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი უახლოესი მეგობრები შეეცადნენ იმავეს გამეორებას. მართალია, ეს ჯერჯერობით გლობალურ მოვლენად არ გადაქცეულა, მაგრამ გაჩნდა  აშკარა ტენდენცია მდგომარეობის გაუმჯობესებისა. 
5)      უდიდესი ინტერესი გამოიწვია წინასწარ შერჩეული ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ მისმა განხხილვამ. ჩემი მუშაობის დადებით შედეგად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ მოსწავლეებმა არა მარტო სწორად შეაფასეს ნაწარმოები, არამედ გამოთქვეს გულწრფელი სურვილი მსგავსი სამუშაოების კვლავ ჩატარებისა. წასაკითხავად შევარჩიეთ ნოდარ დუმბაძის რომანი „მზიანი ღამე“, რომელსაც უახლოეს ხანებში განვიხილავთ. ვფიქრობ, ამ კუთხით მუშაობა დიდი ენთუზიაზმით გაგრძელდება.
6)      ძალიან საინტერესო იყო მწერალ ავთანდილ ყურაშვილთან შეხვედრა. მისმა პირუთვნელმა საუბარმა ქვეყანაში წიგნიერების დონის შესახებ ბევრ რამეზე ჩააფიქრა მოსწავლეები.
7)      ესეების პრეზენტაციამ - „წიგნიერება ღირსების უპირველესი საზომია“ - საინტერესო დისკუსია გამოიწვია. საბოლოოდ მოსწავლეებმა დაასკვნეს, რომ წიგნიერება განაპირობებს მაღალ პროფესიონალიზმს ნებისმიერ სფეროში, მაღალი პროფესიონალიზმი კი წარმატების უპირობო გარანტიაა.

დასკვნა

X კლასში განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შერჩეული საკვლევი საკითხი აქტუალურია სკოლისათვის.
განხორციელებული ინტერვენციების შედეგად საგძნობლად ამაღლდა სამიზნე ჯგუფის მოსწავლეთა წიგნიერების დონე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საკვლევი პრობლემა ბოლომდე მოგვარებულია. მიმაჩნია, რომ საერთო ჯამში კვლევა უნდა შეფასდეს წარმატებულად, რადგან ინტერვენციებმა შედეგი გამოიღო. მოსწავლეთა გამოკითხვამ მიჩვენა, რომ ისინი უფრო თავდაჯერებულნი, უფრო მოტივირებულნი არიან, რაც მაძლევს დიდ სტიმულს აღნიშნული კუთხით კიდევ უფრო გავაფართოო მუშაობა და ჩემს კოლეგებთან ერთად განუხრელად ვიბრძოლო მოსწავლეთა წიგნიერების ამაღლებისთვის. გარდა ამისა, შევიმუშავე რამდენიმე რეკომენდაცია, რომლებიც სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა უნდა გაითვალისწინონ შემდგომ მუშაობაში:
      სკოლის დირექციამ სისტემატური სახე მისცეს შემაჯამებელი სამუშაოების მონიტორინგს, უზრუნველყოს მისი მრავალფეროვნება, მოსთხოვოს პედაგოგებს, მაქსიმალურად შეამცირონ ისეთი ტესტური დავალებების რიცხვი, რომლებიც გათვლილია მხოლოდ ფაქტობრივ ცოდნაზე და არჩევითპასუხიანია, რაც არ გამორიცხავს შემთხვევითობას.
      სკოლის დირექციამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს კათედრის სხდომებზე წიგნიერების საკითხის განხილვას. მაგალითად, საბუნებისმეტყველო კათედრის სხდომაზე შეიძლება განიხილონ ასეთი საკითხი: „როგორ ვუწყობთ ხელს მოსწავლეებს წიგნიერების ამაღლებაში“.
      ხელი უნდა შეეწყოს როგორც მასწავლებლის, ისე მშობლის მხრივ მოსწავლეების წიგნთან სიახლოვეს, ნაწარმოებების შერჩევას ინტერესისა და უნარის შესაბამისად. მშობლებს პერიოდულად უნდა ჩაუტარდეთ კონსულტაციები.
      მასწავლებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ არა ტექსტის ზეპირად დასწავლას, არამედ მის გააზრებას. მასწავლებელი სააზროვნო პროცესს ისე უნდა წარმართავდეს, რომ საგნობრივი ცოდნის გაღრმავებასთან ერთად ხელს უწყობდეს მოსწავლეთა სააზროვნო, შემეცნებით უნარების განვითარებას.
      მასწავლებლებმა დადგენილი წესით უნდა გააანალიზონ თითოეული შემაჯამებელი სამუშაო, მისცენ მოსწავლეებს სათანადო უკუკავშირი.
      მასწავლებელთა შორის უნდა მოხდეს ინფორმაციის ხშირი გაცვლა. მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით.
      სკოლის ბიბლიოთეკამ სისტემატურად უნდა მოაწყოს ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას.
      სახელმძღვანელოების არჩევის დროს თითოეულმა კათედრამ უნდა შეადაროს შემოთავაზებული სახელმძღვანელოები, გაარჩიოს ერთი და იმავე თემის შესაბამისი გაკვეთილი სხვადასხვა სახელმძღვანელოდან და გამოიკვლიოს, როგორ წარმოადგენს ამ თემას სხვადასხვა ავტორი, (რამდენად იძლევა სახელმძღვანელო წიგნიერების დონის ამაღლების საშუალებას).


ბიბლიოგრაფია

1.“საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ“
2.       „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები“
3.       ე.ს.გ.“ (2016)
4.       „გამოცდების ეროვნული ცენტრის ანგარიში“ (2013)
5.       „სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევა (TALIS) -ეროვნული ანგარიში“. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2015 წ.
6.       „სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება“ - პრაქტიკული გზამკვლევი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2014.
7.       სიმონ ჯანაშია „სახელმძღვანელო განათლების სპეციალისტებისათვის“. ეროვნული სასწავლო გეგმისა და შეფასების ცენტრი. თბილისი. 2008
8.       „განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის“. ეროვნული სასწავლო გეგმისა და შეფასების ცენტრი. თბილისი. 2008
9.       თ. კობახიძე და სხვები. „შეფასება: მოსწავლე, გაკვეთილი და შიდა სასკოლო“. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. 2016
10.   რ. ტყემალაძე და სხვები. „სწავლება და შეფასება“. თბილისი 2008
11.   თომას გორდონი. „როგორ გავხდე კარგი მშობელი“. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 2014
12.   დიმიტრი უზნაძე. „სასკოლო ასაკის ფსიქოლოგია“. თბილისი. 2005
13.   „სამაგიდო წიგნი მასწავლებელთათვის“. “მაესტრა” 2007
14.   ჯეკი თერნბული „ პროფესიონალი მასწავლებლის 9 მახასიათებელი“. პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
15.   ლუის კოჰენი „ კვლევის მეთოდები განათლებაში“
16.   დავით ლიპარტელიანი „სამოქმედო კვლევის სახელმძღვანელო - წიგნი I და II” თბილისი.
2018
17.   სოფიკო ლობჟანიძე. „როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები“
18.   მასწავლებელთა ეროვნული განვითარების ცენტრის მიერ მოზმადებული სატრენინგო მასალები: მოსწავლეთა შეფასება ქართულ ენასა და ლიტერატურაში“ (2017); „პრაქტიკული კვლევა“ (2016)
19.   ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge”

რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ

ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის X კლასში ჩავატარე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა: „მასწავლებლის როლი მოსწავლეთა წიგნიერების ამაღლებაში“. კვლევა განხორციელდა 20172018 სასწავლო წელს. მიმდინარეობდა 5 თვის განმავლობაში. საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, კვლევის მიზანი იყო, დამედგინა მოსწავლეთა წიგნიერების დაბალი დონის მიზეზები, დამესახა მდგომარეობის გაუმჯობესების გზები, შემემუშავებინა რეკომენდაციები შემდგომი მუშაობისათვის არა მარტო ჩემი, არამედ კოლეგების უკეთესი შედეგების მისაღწევად.
კვლევის პროცესში აქტიურად ვთანამშრომლობდი კოლეგებთან, განსაკუთრებით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებთან, ვიღებდი მათგან რჩევებს; ისინიც თავიანთ სამოქმედო კლასებში განუხრელად ზრუნავდნენ  მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებისათვის. 
კვლევის დასრულების შემდეგ კათედრის სხდომაზე კოლეგებს გავაცანი ჩემ მიერ
ჩატარებული მუშაობის ანგარიში.
კვლევის შედეგების გაზიარება საინტერესო აღმოჩნდა მათთვის. დაინტერესდნენ შედეგებით და გაუჩნდათ სურვილი, განახორციელონ საკუთარი პრაქტიკის კვლევა, თავიანთი საჭიროებებიდან გამომდინარე.
კოლეგებმა მოიწონეს და პრაქტიკაში დანერგავენ მოსწავლეთა უნარ-ჩვევებზე დაკვირვების ცხრილების წარმოებას; კვლავაც გააგრძელებენ მუშაობას, რათა რაც შეიძლება მეტ მოსწავლეს აუმაღლონ წიგნიერების დონე. აღსანიშნავია, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე ამ კუთხით ყოველთვის ტარდებოდა საინტერესო ღონისძიებები. პედაგოგთა აზრით, ეს კვლევა კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემს მათ და უფრო ეფექტურს გახდის მუშაობას.
უკუკავშირი იყო ძირითადად დადებითი. კოლეგებს მიაჩნიათ, რომ ჩატარებული სამუშაო ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესს და დაეხმარება მოსწავლეებს წინსვლაში: სტიმულს მისცემს პედაგოგებს, განუხრელად იზრუნონ მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებისთვის, იყვნენ თვითკრიტიკულნი, რაც, საბოლოო ჯამში, განაპირობებს მაღალი შედეგების მიღწევას.


დანართები

დანართი 1. მოსწავლეთა სააზროვნო უნარ-ჩვევებზე დაკვირვების ცხრილი








რიგითი N







მოსწავლის სახელი და გვ არი






ფაქტების, იდეების მოძიება და დამახსოვრება
უნარ ჩვევა რომელსაც ვაკვირდებოდი






ნასწავლი მასალების მნიშვნელობის გააზრება და ინტერპრეტირება






ათვისებული მასალის გამოყენება უცნობ სიტუაციებში






ნაწილებს შორის კავშირების დანახვა. დამახასიათებელი






ნაწილების შეფასება მთელი/ახლის შესახმნელად






შერჩეულ კრიტერიუმებზე დაყრდობით დამოკიდებულების გამოხატვა და გადაწყვეტოების მიღება
დანართი 2. დაკვირვების ცხრილი
 მოსწავლის სახელი, გვარი
დაკვირვების შედეგები
კომენტარები
რეკომენდაციები




დანართი 3. ანკეტა მშობლებისთვის
გთხოვთ, გულწრფელად შეავსოთ ანკეტა. თქვენი კონფიდენციალურობა დაცულია. გმადლობთ თანამშრომლობისთვის!
ანკეტა
1.      რის მიმართ იჩენს თქვენი შვილი მეტ ინტერესს?
ა) წიგნის;
ბ) კომპიუტერის;
გ) სპორტის;
2.      ინტერესდებით თუ არა თქვენი შვილის დამოკიდებულებით წიგნის მიმართ? ა) დიახ;
ბ) არა;
გ) ნაწილობრივ;
3.      რა სახის ლიტერატურას კითხულობს თქვენი შვილი? (ჩაწერეთ)


4.      ინტერესდებით თუ არა თქვენი შვილის წაკითხული წიგნით, აკონტროლებთ თუ არა მას ასაკის შესაბამისად? ა) დიახ;
ბ) არა;
5.      განიხილავთ თუ არა მასთან ერთად წაკითხულ წიგნს?
ა) ყოველთვის;
ბ) არასდროს;
გ) ზოგჯერ;
6.      არის თუ არა თქვენი შვილი მედიაწიგნიერების მომხმარებელი? ა) დიახ;
ბ) არა;
7.      სად იძიებს თქვენი შვილი ინფორმაციას?
ა) ბიბლიოთეკაში;
ბ) ინტერნეტში;
გ) სხვა საშუალებებით;
8.      ვინ არის თქვენს ოჯახში ყველაზე აქტიური მკითხველი? (ჩაწერეთ)


დანართი 4. კითხვები მასწავლებლებთან ინტერვიუსთვის

1.      როგორ აფასებთ მოსწავლეთა წიგნიერების დონეს ჩვენს სკოლაში?
2.      ვისი პასუხისმგებლობაა ბავშვის წიგნიერება - სკოლის თუ ოჯახის?
3.      არის თუ არა მასწავლებლებისა და მშობლებს შორის ამ კუთხით თანამშრომლობის ნაკლებობა?
4.      ყოველთვის ორიენტირებულია თუ არა თქვენ მიერ მიცემული დავალება წიგნიერების უნარის განვითარებაზე?
5.      არის თუ არა სასკოლო სახელმძღვანელოები ორიენტირებული წიგნიერების დონის ამაღლებაზე?







დანართი 5.

„დიდვაჭარი და მეფუნდუკე“ (ს.ს. ორბელიანი)


დანართი 6. ფატმანი და ასმათი
I და II ნაწილში ჩაწერეთ პერსონაჟთა განმასხვავებელი ნიშნები. III ნაწილში - მსგავსი




     
დანართი 7.



დანართი 8. კითხვები დისკუსიისთვის (ნ. დუმბაძის „ჰელადოს“)
1.        რისთვის იბრძვიან იანგული და ჯემალი?
2.        ბიჭების რა თვისებებია თქვენთვის მისაღები და რა - მოუღებელი?
3.        დადებითი გმირია იანგული თუ უარყოფითი?
4.        რას ნიშნავს იანგულის მკერდზე ამოსვირინგებული წარწერა „HELADOS”?
5.        როგორ გაიაზრებს სამშობლოს ფენონენს იანგული?
6.        რა არის თქვენთვის სამშობლო?

No comments:

Post a Comment